მისია, ხედვა, ღირებულებები

სკოლის მისია

აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.

კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით მოსწავლეები ყალიბდებიან მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გუნდურად და კრეატიულად განახორციელონ მრავალფეროვანი პროექტები, გაცნობიერებული წვლილი შეიტანონ საზოგადოების უკეთესობისაკენ შეცვლაში.

ხედვა

ჩვენ ვხედავთ სკოლას, რომელშიც:

  • სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით. სკოლის ფსიქოლოგებს დიდი წვლილი შეაქვთ სკოლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, სასწავლო გარემოს მუდმივად გაჯანსაღებაში, მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების გზების განსაზღვრაში და მშობლებთან კონსტრუქციულ კომუნიკაციაში. 
  • მასწავლებლები მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით ქმნიან საგანთაშორისი კავშირებით აგებულ, ინოვაციურ თემატურ ერთეულებსა და პროექტებს, რომლებიც მდიდარია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით. 
  • მოქმედებს მოსწავლეთა მხარდაჭერისა და განვითარების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის თვითგამორკვევას, თვითაქტუალიზაციას, რელევანტური მოლოდინების ჩამოყალიბებას, სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენას. 
  • სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია კლასიკური განათლების პრინციპებისა და დიადსაკაცობრიო იდეების სიღრმისეულად გააზრება, მათი თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში განხილვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზება. 
  • მოსწავლეები სწავლობენ, ურთიერთობენ და იზრდებიან ფსიქოლოგიურად უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში, რომელშიც ზრუნავენ მათ სოციალურ, ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზე.

ღირებულებები

  • თვითშემეცნება და კრიტიკული აზროვნება როგორც პიროვნული განვითარების, ისე ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების მნიშვნელოვანი საყრდენებია. მიუკერძოებელი, ღრმა და არგუმენტირებული მსჯელობა, ინფორმაციის მრავალმხრივი ანალიზი და სწორად განზოგადება აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოში ორიენტირებისა და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის. მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი აზრებისა და რწმენა-წარმოდგენების გადასინჯვას, განსხვავებულ პერსპექტივებთან შეჯერებას. ამ ღირებულებების რეალიზებას ხელს შეუწყობს თვითდაკვირვებაზე, კვლევა-ძიებაზე, მსჯელობასა და დიალოგზე დაფუძნებული სასწავლო ციკლები. 
  • შემოქმედებითობა და ინოვაციურობა არის წყარო ახალი იდეების, მიდგომების, გადაწყვეტების გენერირებისათვის, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება. შემოქმედებითობა იძლევა პირველ ნაპერწკლებს, ხოლო ინოვაციურობა უზრუნველყოფს ეფექტურ სტრატეგიებსა და საშუალებებს მათი რეალიზებისათვის. აღნიშნული ღირებულებები დაეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრაში, ცვლილებებთან ადაპტირებაში, მეწარმეობითი მისწრაფებების გაღვივებაში, საინტერესო და სასარგებლო ჩანაფიქრთა რეალიზებაში. ამ ღირებულებათა რეალიზებას წაახალისებს გაბედულ ექსპერიმენტებზე, მხატვრულ თვითგამოხატვაზე, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული სასწავლო პროექტები.
  • თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა აუცილებელია ძლიერი, ინტეგრირებული და ინკლუზიური სასკოლო საზოგადოების შესაქმნელად. ეს ღირებულებები უბიძგებს მასწავლებლებს, მშობლებს და ფსიქოლოგებს, გაუზიარონ ერთმანეთს სასარგებლო ინფორმაცია, გააზიარონ საუკეთესო გამოცდილებები და გუნდურად გადაწყვიტონ ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. მოსწავლეთა შორის გაღვივდება მიკუთვნებულობის, თანაგრძნობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობები, რომელთა კომბინირებულად რეალიზებასაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი პროექტები, გუნდური აქტივობები და ურთიერთსწავლებაზე დაფუძნებული სასწავლო ციკლები/პროგრამები. 
  • ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა წარმოადგენს მრავალფეროვანი და ჰარმონიული სასწავლო გარემოს საფუძველს, რომელშიც თითოეულ ადამიანს ექნება ინდივიდუალური უნიკალურობის აღიარების, დაფასებისა და მიღების შესაძლებლობა. ეს ღირებულებები ქმნის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს, სადაც მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრებს, იზიარებენ განსხვავებულ შეხედულებებს და სწავლობენ ერთმანეთისგან. ამგვარი გარემო ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებას, არამედ სოციალური და ემოციური ინტელექტის განვითარებას, რაც აუცილებელია ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის.